საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის ქვედარგების – საშენი მასალების და მშენებლობათა წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება.
სამშენებლო ბიზნესის განვითარების მზარდი ტემპის შესაბამისად ქვეყანაში გაიზარდა ცემენტის წარმოება, ხოლო საქართველოსთვის ტრადიციული კერამიკული აგურის წარმოება დაბალი ტემპით მუშაობს და მხოლოდ 60 %-ით აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. კერამიკული საკედლე ბლოკები და ქუჩა-გზების მოსაპირკეთებელი კლინკერის აგური საქართველოში საერთოდ არ იწარმოება (მხოლოდ იმპორტია), რაც არასასურველი მოვლენაა და უარყოფით შედეგები მოაქვს ქართული ეკონომიკისათვის, მოსახლეობისათვის.
ცემენტის წარმოება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ენერგო- და მასალატევად წარმოებად მსოფლიოში და ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს თავისი გამონაბოლქვის რაოდენობით.
სამშენებლო-კერამიკული მასალების წარმოებას ახლავს გაცილებით ნაკლები ემისიები ატმოსფეროში და მათ საწარმოებლად ნაკლები სათბობ-ენერგეტიკული რესურსები იხარჯება ცემენტის წარმოებასთან შედარებით: კერამიკული აგურის სინთეზს ესაჭიროება 900-1000°C ტემპერატურა, მაშინ როდესაც ცემენტის კლინკერის სინთეზს – 1450 -1500°C.
სამშენებლო-კერამიკული მასალების საწარმოებლად არსებული ადგილობრივი ნედლეული – ბუნებრივი სააგურე თიხების მარაგები მილევადია და არადამაკმაყოფილებელი ქიმიური შემადგენლობით ხასიათდება. ამავე დროს, კახეთის რეგიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქ. ყვარლის მისადგომებთან ინტენსიური ეგზოგენური პროცესების შედეგად დაგროვილია 20,0 მლნ. კუბ. მეტრზე მეტი თიხაფიქალშემცველი ნატანი, რომლის ყოველწლიური ნამატი დაახლოებით 500,0 ათას კუბ. მეტრს აღწევს. ხეობაში პერიოდულად ვითარდება დამანგრეველი ძალის ღვარცოფული პროცესები, რაც ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება ადგილობრივ გარემოს და მოსახლეობას.
პროექტი ითვალისწინებს თიხაფიქალშემცველი ნატანიდან ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის: კერამიკული აგურის (ბლოკების) და კლინკერის აგურის გამზადების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებას.
ქ. ყვარელთან აკუმულირებული თიხაფიქლების სამრეწველო გამოყენება ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას რისკის შემცველი ბუნებრივი ნატანისგან და რეგიონში ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას.